მუსიკა 1 – 4 კლასები

mus 1 mas  mus 2 mas

მუსიკის 1-2 კლასების სახელმძღვანელობის სერია მოიცავს მხოლოდ მასწავლებლის წიგნს, რომელსაც თანდართული აქვს ელექტრონული მასალა: აუდიო, ვიდეოფაილები, ფერადი ილუსტრაციები ბუკებში ჩასატვირთად, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვისთვის.
მოგეხსენებათ, რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვის თანდაყოლილი ბუნებრივი უნარების, მიდრეკილებების გამოვლენა და სწორად წარმართვა. სწავლების კონცეფცია დავაფუძნეთ ეროვნული გეგმის სტანდარტებზე დაყრდნობით; ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მასწავლებლის წიგნში დეტალურად და კონკრეტულადაა მოწოდებული რეკომენდაციები, თუ როგორ წარმართოს მასწავლებელმა გაკვეთილი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების ამოქმედებას და მათი ერთობლივ შემოქმედებით პროცესებში ჩართვას. ეს აქტივობებია: სიმღერა, ცეკვა, იმპროვიზაცია, შემეცნებითი თამაშები, გარემოზე დაკვირვება და ბუნებაში არსებული ხმების აღქმა, გუნდური მუშაობა, მუსიცირება, ვოკალურ-რიტმული უნარების გახსნა და განვითარება ეტაპობრივად და სხვ.
ჩვენი საავტორო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული სწავლების მეთოდი და რეკომენდაციები მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს: დაკვირვება, გააზრება, გონებრივი იერიში, მოსმენილისა და ვიზუალის ერთმანეთთან დაკავშირება, ტესტირება, კომპიუტერული პროგრამების ათვისება, მუსიკის მოსმენის კულტურისა და აღქმის უნარების განვითარება.
აქტივობებში ჩართული გვაქვს საგანთან დაკავშირებული მოთხრობების, ზღაპრების, საინტერესო და სახალისო ამბების ტექსტური მასალა, რომელსაც მასწავლებელი თემასთან შესაბამისად გამოიყენებს.
აუდიო-ვიდეო მასალის ჩამოტვირთვა შექიძლიათ აქ: I კლასი / II კლასი

mus 3 mas  mus 3  mus 4 mas  mus 4
3-4 კლასებში გრძელდება დასახული კონცეფცია. ამ კლასების სახელმძღვანელოს სერიაში დამატებულია მოსწავლის წიგნები, რომლებიც ლამაზად ილუსტრირებულია, სადაც ასაკისთვის შესაფერისი, ადვილად აღქმადი ტექსტური ინფორმაციაა მოწოდებული, რომელიც მოსწავლეს საშუალებს მისცემს, გაიღრმაოს თავისი ცოდნა მუსიკის სფეროში, გაიგოს მისთვის საინტერესო ამბები მუსიკასა და მუსიკოსებზე, ისაუბროს და იმსჯელოს მიღებული ინფორმაციის ირგვლივ.
ჩვენი სახელმძღვანელოების ელექტრონულ რესურსებში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ვთავაზობთ Power Point-ში გაკეთებულ სლაიდებს სტანდარტის თემებთან შესაბამისად. ესენია: „მუსიკის აგებულება“, „ევროპული ცეკვები“, „მაჟორი და მინორი“, „მუსიკალური საკრავების ისტორიიდან“, „სიმფონიური ორკესტრი“, „კამერული ანსამბლი“. სლაიდების ჩვენების ფონზე წარმართული გაკვეთილები მოსწავლეებს უფრო მეტ ინტერესს გაუღვივებს მუსიკისადმი, მოსმენილის/ნანახის ირგვლივ მსჯელობისა და კამათის დროს აქტიურად ჩაერთვებიან შემოქმედებით პროცესებში, მასწავლებლებს კი საშუალებას მისცემს, გაკვეთილები საინტერესოდ და სახალისოთ ჩაატაროს.
ეროვნული სტანდარტი მუსიკაში ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. ეს აქტივობა მუსიკის საგანში ახალი დანერგილია და ვფიქრობთ, მოსწავლეთა დიდ ინტერესს გამოიწვევს. კომპიუტერული პროგრამების დაუფლება (audacity, LMMS) ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება, რომლის ათვისებისას მოსწავლე თავად გამოიყენებს ინფორმაციის შესანახ მოწყობილობას, ააჟღერებს საკუთარ ან ბუნებაში არსებულ ხმებს, საკრავს, თავადვე მოჭრის საჭირო ფრაგმენტებს მუსიკალური ნაწარმოებებიდან და საბოლოოდ შეძლებს მუსიკალური კოლაჟის, კომპოზიციების შექმნას. ამისთვის მოსწავლის წიგნის ბოლო გვერდზე შემოთავაზებული გვაქვს ზოგადი რჩევები კომპიუტერში მუშაობის საწყისი ეტაპისთვის. საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციისას მოსწავლეს უვითარდება აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, ქცევის მართვის, აზრის ნათლად გადმოცემის უნარი.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოების სერია (1-4 კლ.) სრულად შეესაბამება ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტს. სასწავლო კომპლექტის თითოეული კომპონენტის ამომწურავად და სრულყოფილად გამოყენება საუკეთესო შედეგის მიღწევის საწინდარია. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული სახელმძღვანელო/სერია პედაგოგებს ჯეროვან დახმარებას გაუწევს ამ საქმეში.
აუდიო-ვიდეო მასალის ჩამოტვირთვა შექიძლიათ აქ: III კლასი / IV კლასი

One comment

  1. საქართველოს მაცნე

    მუსიკა 1-4 კლასების ელექტრონული რესურსი
    გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“
    ავტორები: ლია სულაქველიძე, ომარ მინდორაშვილი, თინათინ კოპალიანი, რუსუდან დათუკაშვილი
    1 კლასი:
    https://mega.nz/#!jngiQATQ!FfJiqm4EerUerD4K-S1ViXQUdRuzldfJ2HFVQ8BR31A
    2 კლასი
    https://mega.nz/#!yuB3TAJI!rgfuKQrZHYUiy0RcaKHzDuezpVX8HuneajkQ16aAHfo
    3 კლასი
    https://mega.nz/#!vno2lKQa!xEatOcOMtN5IEwl2Rc4GXZHugAl5S36CxFC88zkkRag
    4 კლასი
    https://mega.nz/#!C7hSnKpR!1kX_Mu0X9oPIAjwQCKPygavo7XMQO2JYjiL3g-N8BDM

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *