ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოების აგების კონცეფცია ეფუძნება 2018-2024 წლის ეროვნულ სასწავლო გეგმას. დაწყებითი საფეხურის IV კლასისთვის განკუთვნილი ეს სახელმძღვანელო ითვალისწინებს შესაბამის საგანმანათლებლო პრინციპებს და მიზნად ისახავს მოსწავლის მიერ საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლების გაცნობასა და მათი კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას. სახელმძღვანელო ორგანულად უკავშირდება და აგრძელებს სერიის კონცეფციასა და მიზანს, ქმნის საფუძველს დაწყებითი საფეხურის მე 5-6 კლასებისთვის.
შინაარსობრივად სახელმძღვანელო 6 თემადაა დაჯგუფებული: 1. სხეულები და მოვლენები; 2. ცოცხალ ორგანიზმთა ჯგუფები; 3. როგორ იცვლებიან მცენარეები და ცხოველები; 4. წყალი და სითბოგადაცემა; 5. რუკა და გეოგრაფიული ობიექტები; 6. წყლის წრებრუნვა ბუნებაში.
სახელმძღვანელო ეყრდნობა მოსწავლეზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას, ასევე მეთოდებს: სწავლა აღმოჩენით, სწავლა კეთებით და თანამშრომლობით სწავლებას. თითოეული გაკვეთილი დაგეგმილია იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება/პროვოცირებას. გაკვეთილებში უხვადაა მოცემული კითხვები და აქტივობები. მოსწავლეთა განსხვავებული წინარე ცოდნისა და მზაობის დონის გათვალისწინებით წარმოდგენილი საკითხები და აქტივობები უზრუნველყოფენ თითოეული მოსწავლის არსებული და ახალი ცოდნის ურთირეთკავშირს, მასალის გააზრება/დამახსოვრებას, ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. სახელმძღვანელოს დახმარებით მოსწავლე შეძლებს: დაკვირვებას, პრაქტიკული სამუშაოს შესრულებას, ობიექტისა და მოვლენის მოდელირებას, ცდა/ექსპერიმენტის ჩატარებას, დისკუსიას, სიტუაციური ამოცანების ამოხსნას. აქვე, უხვადაა ტექსტთან დაკავშირებული ან დამოუკიდებელი ინფორმაციის მატარებელი ილუსტრაციები. მრავალფეროვანი აქტივობებიდან ნაწილი სრულდება ჯგუფებში ან წყვილებში. ცხრილის ნიმუშებთან მუშაობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს მონაცემთა დაჯგუფების, ინფორმაციისა და დაკვირვების შედეგების აღნუსხვისა და წარმოჩენის უნარ-ჩვევებს. ზოგიერთი აქტივობა ითვალისწინებს, რომ მოსწავლემ თვითონ მოიძიოს, შექმნას და გამოიყენოს საჭირო რესურსი. ეს ზრდის მის პასუხისმგებლობას, ინტერესს და საგნის მიმართ დამოკიდებულებას. მრავალი აქტივობის შესრულება მოითხოვს ისტ-ის გამოყენებას.
სახელმძღვანელო მიმართულია მოსწავლეების კვლევითი უნარების განვითარებისაკენ, ამიტომ მასში მრავლად არის წარმოდგენილი პრაქტიკული სამუშაოები/ცდები/,ექსპერიმენტები. მოსწავლეებს პრაქტიკული სამუშაოების შინაარსის აღწერასთან ერთად ვთავაზობთ სააზროვნო შეკითხვებს, რომელიც მათ დაეხმარება ვარაუდების გამოთქმასა და დასკვნების გაკეთებაში. საკლასო-საშინაო დავალებები ისეა შეთავაზებული, რომ ემსახურება მიღებული ცოდნის შემოწმებას, განმტკიცებას, ტრანსფერს, ტექნოლოგიების ათვისება/გამოყენებასა და მშობელთა ჩართულობის ზრდას.
ყოველი თემის შესწავლის შემდეგ მოცემული შემაჯამებელი გაკვეთილი მოიცავს თემაში განხილულ საკვანძო საკითხებს და ასახავს ბუნებისმეტყველების სტანდარტის მოთხოვნებს.
სახელმძღვანელოს აღარ ახლავს მოსწავლის რვეული, ეს მასწავლებელს საშუალებას აძლევს თავად იყოს აქტივობის ავტორი და შემოქმედებითად მიუდგეს დავალებებს.
პატივისცემით ავტორები!