მე-10 კლასის მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნები შესაბამისობაშია ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან. სახელმძღვანელოში სამიზნე ცნებებთან დაკავშრებული საკითხები დაწერილია მოსწავლისა და მასწავლებლისთვის გასაგები ენით.
მასწავლებლის წიგნი განკუთვნილია X კლასის ქიმიის მასწავლებლებისთვის. წიგნი არის დამხმარე მასალა, რომელიც მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში დაეხმარება.მასწავლებლის წიგნში მოცემულია:
- მე-10 კლასის ქიმიის სახელმძღვანელოს კონცეფცია
- წლიური სასწავლო პროგრამის/სასკოლო კურიკულუმის აგების პრინციპები
- ქიმიის როგორც საბუნებისმეტყველო საგნის, სწავლების სპეციფიკური მიდგომები;
- კოგნიტური უნარები და სწავლების სტრატეგიები;
- თემატური მატრიცები, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი კომპლექსური დავალებების ნიმუშები თემების მიხედვით და მათი განხორციელების ეტაპები
- განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების ნიმუშები შესაბამისი შეფასების რუბრიკებით
- დამატებითი საგანმანათლებლო რესურსები.
- ვფიქრობთ, წიგნში მოცემული მასალა მასწავლებელს დაეხმარება წლის განმავლობაში განსახორციელებელი მიზნების რეალიზებაში. წიგნში მოცემულ ნიმუშებში დეტალურადაა აღწერილი კვლევა-ძიებაზე დაფუძნებული სწავლების მაგალითები, რაც გაუადვილებს მასწავლებელს უკეთ დაგეგმოს თითოეული თემის გაკვეთილების შესაბამისი აქტივობები.
მოსწავლის წიგნში წარმოდგენილი მასალა ჰარმონიულად ეწყობა ერთმანეთს და დაწერილია მოსწავლისა და მასწავლებლისთვის გასაგები ენით. მოსწავლის წიგნის შექმნისათვის გამოყენებულია კონცეპტუალური მიდგომა, რომელიც გულისხმობს სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვას ყოფა-ცხოვრებასა და გარემოსთან მჭიდრო კავშირში. სახელმძღვანელო ისეა აგებული, რომ მოსწავლეებს მაქსიმალურად მიეცეთ დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა.
მოსწავლის სახელმძღვანელოში მოცემული ყოველი მომდევნო პარაგრაფი გამომდინარეობს წინადან; დაფუძნებულია უკვე არსებულ ცოდნაზე. თითოეულ პარაგრაფს ახლავს კითხვები და დავალებები, რომლებიც აგებულია კონსტრუქტივიზმის პრინციპების გათვალისწინებით.
თემის ბოლოს მოცემულია განვლილი მასალის შეჯამება, რომლებიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს ერთიან ჭრილში გაიაზროს განვლილი თემა. თემის ბოლოს წარმოდგენილია მრავალფეროვანი შემაჯამებელი სავარჯიშოები, რომლებიც გათვლილია ცოდნის სამივე კატეგორიაზე – დეკლარატიულზე, პროცედურულსა და პირობისეულზე. სახელმძღვანელოში ასევე წარმოდგენილია რუბრიკა – ეს საინტერესოა,რომლიც მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას აქტუალურ თემებზე, რომელიც კავშირშია თემის მკვიდრ წარმოდგენებთან. მოსწავლის წიგნში მოცემული პირობითი აღნიშვნები და მრავალფეროვანი დავალებები ხელს შეუწყობს სწავლის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიც არის დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.