ფიზიკა IX კლასი

ავტორთა ჯგუფი წარმოგიდგენთ ფიზიკის  IX კლასის ახალ გრიფირებულ სახელმძღვანელოს, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მოხვდა სახელმწიფო შესყიდვებში. ეს ნიშნავს, რომ 2021-2022 სასწავლო წელს როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ IX კლასში ფიზიკა  ამ  სახელმძღვანელოთი ასწავლონ.

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოს ოთხივე თანაავტორი მრავალი წელია თბილისის სხვადასხვა სკოლაში ვეწევით პედაგოგიურ მოღვაწეობას, რომელმაც დაგვანახა ფიზიკის სწავლა-სწავლების მრავალი პრობლემა.  სწორედ ამან გააჩინა იდეა შეგვექმნა ფიზიკის სახელმძღვანელოთა სერია. გასულ ორ წელიწადში უკვე შევქმენით ფიზიკის სახელმძღვანელო VII და VIII  კლასელთათვის, ეს სახელმძღვანელო კი რიგით მესამეა.

  მოგეხსენებათ, ფიზიკა საინტერესო, მაგრამ მოსწავლეებისათვის ერთ-ერთი „უხერხული“ საგანია.  ჩვენ მიზნად დავისახეთ ეს იარლიყო ფიზიკისათვის ნაწილობრივ მაინც მოგვეხსნა. ამიტომ წიგნში მასალა ისეა წარმოდგენილი, რომ იგი მოსწავლეთა რაც შეიძლება ფართო წრისათვის  გასაგები და საინტერესო იყოს.

  ყოველი პარაგრაფი იმგვარადაა აგებულია, რომ მისი დასაწყისი ინფორმაციულია, მას თხრობითი ხასიათი აქვს, კითხვები კი ძირითადად პარაგრაფის მეორე ნახევარშია გადატანილი. მასალის ასეთი მიწოდება მოსწავლეს უადვილებს თემის დამოუკიდებლად დამუშავებას, რაც განსაკუთრებით  აქტუალურია მაშინ, როცა მოსწავლე გაკვეთილს ვერ ესწრება.

  სახელმძღვანელო შედგება სამი თავისაგან: I თანაბარი და არათანაბარი მოძრაობა. მრუდწირული მოძრაობა (16 პარაგრაფი); II ნიუტონის კანონები და მათი გამოყენება (20 პარაგრაფი) და III მუდმივობის კანონები. სტატიკა (8 პარაგრაფი). ყოველი პარაგრაფის ბოლოს ცალკეა გამოყოფილი პარაგრაფიდან გამომდინარე დასკვნები (მკვიდრი წარმოდგენები) და საკონტროლო კითხვები, რომლებიც მიუთითებენ მოსწავლეს, თუ რაზე გაამახვილოს ყურადღება ამ პარაგრაფში. ასევე განხილულია მრავალი ცდა  (მათ შორის საშინაო) და რამდენიმე პროექტი რომლებიც ადვილად აღსაქმელია და ხელს უწყობს მოსწავლეს საკითხის უკეთ გააზრებაში. პარაგრაფების ბოლოს გარჩეულია საშუალო სიძლიერის ამოცანა („ერთად ამოვხსნათ ამოცანა“), ხოლო შემდეგ დავალების სახით მოცემულია კიდევ 10 ამოცანა. სამივე თავის ბოლოს მოცემულია „თავის შემაჯამებელი კითხვები და ამოცანები“ ერთად 135 ამოცანა. წიგნში სულ 569  ამოცანა და კითხვა-ამოცანაა, ამიტომ მოსწავლეებისთვის  დამატებით, ამოცანათა კრებულის საჭიროება არ არის, რაც მათთვის მოხერხებულიცაა.  სახელმძღვანელო გათვლილია დასახული მიზნის მიღწევაზე შედარებით მოკლე გზით, მისი ენა ასაკის შესაბამისი და გასაგებია.

  სახელმძღვანელოს თან ერთვის მასწავლებლის წიგნი, რომელიც კარგი გზამკვლევია მასწავლებელთათვის. მასში ყურადღება გამახვილებულია გაკვეთილის დაგეგმვაზე, საკითხების მკვიდრ წარმოდგენებზე, გაცემულია  პასუხი  სახელმძღვანელოში დასმულ ყველა კითხვაზე, დაწვრილებითაა ამოხსნილი ყველა ამოცანა, მოცემულია კომპლექსური დავალების ნიმუშები ყველა სამიზნე თემასთან დაკავშირებით, რომელიც ზუსტ თანხვედრაშია განათლების სამინისტროს „ახალი სკოლის მოდელის“ მოთხოვნებთან. აღნიშნული კომპლექსური დავალებებით შესაძლებელია შევქმნათ ინდივიდუალური სასკოლო-სასწავლო გეგმა—კურუკულუმი. 

  არჩევანის გაკეთებამდე, წიგნის უკეთ გაცნობის მიზნით განზრახული გვაქვს მოგაწოდოთ ის როგორც ელექტრონული, ასევე დაბეჭდილი სახით.  არჩევანი კი თქვენზეა!

მერაბ ტუღუში, შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ ფიზიკის მასწავლებელი;

თეიმურაზ შენგლია, არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა   „მერმისი“-ს ფიზიკის მასწავლებელი;

თემურ შენგელია, ქართულ-ამერიკული სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;

გიორგი ლომიძე, ვ. კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მატემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. დამატებეითი ინფორმავიისათვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუკგვერდზე ან დაუკავშირდით გამომცემლობა „საქართველოს მაცნეს“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *