ძვირფასო კოლეგებო!
მოგესალმებით გამომცემლობა „საქართველოს მაცნეს“ სახელმძღვანელოს „ჩვენი საქართველოს“ ავტორები და გთავაზობთ ჩვენს მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს არჩევას.
რატომ ჩვენი სახელმძღვანელო?
ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო მიგვეღო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისი ისეთი პროდუქტი, რომელიც მოსწავლეებს ერთი მხრივ, ჩამოუყალიბებდა ეროვნულ, ხოლო მეორე მხრივ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, სამშობლოსადმი სიყვარულს და რაც ასევე მთავარია, გაუღვივებდა სახელმძღვანელოსადმი დადებით განწყობას, ინტერესს და 10-11 წლის მოზარდებისთვის გასაგებსა და ადვილად აღქმადს გახდიდა ყოველივეს.
ამიტომ ასე უხვად არის სახელმძღვანელოში ჩართული ცხოვრებისეული მაგალითები, საქართველოს ამა თუ იმ მხარისათვის დამახასიათებელი ყოფა და ტრადიციები, ცნობები ბუნებრივი და სოციალურ-კულტურული თავისებურებების, ბუნებისა და კულტურის ღირშესანიშნაობების, ისტორიული მოვლენებისა და ქვეყნისათვის თავდადებული ადამიანების შესახებ და მრავალი სხვა. ყველა ამ მასალას ჩვენ ვთავაზობთ არა მხოლოდ თხრობითი ფორმით, არამედ სხვადასვა ტიპის აქტივობებით, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები შეძლებენ კრიტიკულად აზროვნებას, საკუთარი აზრის გამოთქმას, დისკუსიას, რუკასა და დროის სკალაზე მუშაობას და მრავალ სხვადასხვა სახის ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ მუშაობას.
როგორც მოგეხსენებათ, V-VI კლასების სტანდარტით განსაზღვრულია სახელმძღვანელოს შინაარსი და მიზანი, სავალდებულო თემები 15 მისაღწევი შედეგით. ჩვენ ვალდებულნი ვიყავით დაგვეცვა დაწესებული მოთხოვნები.
„ჩვენი საქართველო“ არც ისტორიაა და არც გეოგრაფია. იგი ჩვენი სამშობლოს შესახებ გვიყვება, სადაც გარკვეული დოზით, ცხადია, ისტორიაცაა, გეოგრაფიაც, სამოქალაქო განათლებაც, აგრეთვე ყოფაც და ტრადიციაც, ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნებაც. შეიძლება გაგიჩდეთ სურვილი სახელმძღვანელოში ასახულიყო კიდევ სხვა, მოსწავლისთვის საინტერესო მასალებიც, მაგრამ იგი ყოველივეს ვერ დაიტევდა და რაც არც სტანდარტითაა განსაზღვრული. მოსწავლისათვის აუცილებელ და ამავდროულად ამ საინტერესო საკითხებს ისინი მომდევნო კლასებში შეისწავლიან კიდევ უფრო სიღრმისეულად და დეტალურად. აქ კი მთავარი იყო არ დაგვერღვია მხარეთმცოდნეობითი პრინციპი – მოგვეთხრო მათთვის საქართველოს და რაც მთავარია, მისი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების შესახებ.
მოსწავლეს რომ გაადვილებოდა მასალის აღქმა, თითოეული გაკვეთილი 2 გაშლილ გვერდზე განვალაგეთ. ერთი გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეს არ უწევს წიგნის შლა და იგი ერთ მთლიანობაში აღიქვამს მთელ სასწავლო მასალას.
თითოელ მხარეს თან ერთვის რუკა, სადაც დატანილია სახელმძღვანელოში, მათ შორის წყაროებში დასახელებული ყველა ობიექტი. ამიტომ არის ესოდენ ბევრი ასახული მათზე. ეს გაგიადვილებთ სამუშაოს – სხვადასხვა წყაროებში მოძებნოთ და დაადგინოთ ამა თუ იმ ობიექტის ზუსტი ლოკალიზაცია. კიდევ ერთი ჩანაფიქრი, რომელიც ვფიქრობთ მოსწავლეს გაუადვილებს გაკვეთილში ამოკითხული ცნობების რუკაზე გაადგილებას. მხარის ყველა რუკა დიდი ფორმატისაა, რომელიც ბოლოში ერთვის თითოეულ მხარეს. ნებისმიერი გაკვეთილის გაცნობისას მოსწავლეს შეუძლია გადაშალოს ჩაკეცილი რუკა და საჭიროების შემთხვევაში მომენტალურად მოძებნოს სასურველი ობიექტი და ამით თავიდან აიცილოს სახელმძღვანელოში სასურველი რუკის ძიებისა და ფურცლების გამუდმებითი შლის პროცესი.
სახელმძღვანელოს სტრუქტურა მარტივია. საქართველოს ყველა მხარეს აქვს 6 ერთი და იგივე სათაურის გაკვეთილი: „მდებარეობა და ბუნება“, „დასახლება და მოსახლეობა“, „მეურნეობა“, „გარემოს დაცვა“, „კულტურის ძეგლები“ და „ტრადიცია“. სწორედ ეს განმეორებადი სათაურები დაეხმარება მოსწავლეებს მწყობრად აღიქვას საქართველოს ესოდენ მრავალფეროვანი ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნება, ერთმანეთს შეუდაროს სხვადასხვა მხარის ყველა სასწავლო მასალა.
ამავდროულად, საქართველოს ამ მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, გვაქვს მეტად სპეციფიკური თემებიც, რომლებიც სახელმძღვანელოში აუცილებლად უნდა წარმოგვეჩინა. მაგალითად, ვაზი და ხორბალი თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული და მას ყველგან ვახსენებთ, მაგრამ ცალკე გაკვეთილებს ვაზსა და ხორბალზე მხოლოდ კახეთის და შიდა ქართლის მხარეებში ვუთმობთ. ასევეა ნადირობის, მთამსველობისა და ტურიზმის გაკვეთილებიც, რომელსაც ცალკე გაკვეთილად რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში განვიხილავთ.
სახელმძღვანელოს სტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა ისიც, რომ გაკვეთილი 2 ძირითად ნაწილს მოიცავს. პირველი ნაწილია მცირე მოცულობის სასწავლი, ე.წ. „მოსაყოლი“ ტექსტი შესაბამისი შეკითხვებით. მეორე ნაწილი სხვადასხვა წყაროა. აქ მოცემული მდიდარი მასალა საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს კლასში ამუშავოს მოსწავლეები და სხვადასხვა ტიპის აქტივობები გამოიყენოს.
რაც შეეხება მასწავლებლის წიგნს, გარდა ზოგადი მოთხოვნებისა, რომელიც ნებისმიერ სახელმძღვანელოს თან ახლავს, ძალზე მდიდარი მასალითაა წარმოდგენილი და ერთგვარი ქრესტომათია შემოგთავაზეთ. ამით თქვეს ხელთ გექნებათ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომელთა გამოყენება თქვენი პედაგოგიური პრინციპების შესაბამისად შეგიძლიათ.
ჩვენ მზად ვართ, თუ აუცილებელი იქნება და პედაგოგთა გარკვეული ჯგუფი მოითხოვს, ავტორებთან შესახვედრად, გეწვიოთ ადგილზე, ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს.
უღრმესი მადლობა თანამშრომლობისათვის. გისურვებთ წარმატებებს!
სახელმძღვანელო ,,ჩვენი საქართველო” საინტერესოდაა შედგენილი. თემები ლოგიკური თანმიმდევრობითაა დალაგებული. გათვალისწინებულია მოსწავლეთა მისაწვდომობის პრინციპი. ჩართული ცხოვრებისეული მაგალითები გაუადვილებს მოსწავლეებს სწავლას და გაზრდის მოტივაციას. მომეწონა აგრეთვე რუკა, რომელიც დატანილია სახელმძღვანელოში. მოსწავლეებს შეეძლებათ რუკების მიზნობრივად გამოყენება..