ხელოვნება 1-4 კლასები

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელმძღვანელოების კომპლექტი უმცროსკლასელებისთვის შეიცავს მოსწავლის 2 წიგნს (III-IV კლასები) და მასწავლებლის 4 წიგნს (I-IV კლასები), ასევე ელექტრონულ რესურსს I და II კლასებისათვის.

მოსწავლის წიგნები შეიცავს სახალისო და სასარგებლო ინფორმაციის ფართო სპექტრს, თუმცა არ არის გადატვირთული. ინფორმაცია გადმოცემულია მოკლედ, ნათლად და მკაფიოდ, ბავშვებისათვის გასაგები ენით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რომ პრაქტიკული დავალებები იყოს მრავალფეროვანი, ადვილად შესასრულებელი და საინტერესო და უკავშირდებოდეს განვლილ თეორიულ მასალას. სახელმძღვანელოებში ხშირადაა მოცემული ამა თუ იმ დავალების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულების სქემები, მაგრამ მითითებულია, რომ ეს მხოლოდ მაგალითებია და სწავლის პროცესში შეიძლება სასურველი ცვლილებების შეტანა, მაგალითად, საღებავის მაგივრად პასტელის ან ფანქრის ხმარება და ა.შ.

შერჩეული დავალებები მოსწავლის ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის განვითარების საშუალებას იძლევა, რასაც ხელს უწყობს მრავალფეროვანი თავისუფალი თემები, სააზროვნო კითხვები, რუბრიკა `შენი აზრით” და ა.შ.

მოსწავლის წიგნების სტრუქტურა ინტერაქტიური ტიპისაა, ინფორმაცია აქ მოწოდებულია სააზროვნო კითხვებთან მჭიდრო კავშირში.

მოსწავლის წიგნები უხვადაა დასურათებული, რაც ხელს უწყობს შინაარსის აღქმას და მიმზიდველობას ანიჭებს მათ. ამას ხელს უწყობს ლამაზი, მჟღერი დიზაინი, რომელიც ასევე ითვალისწინებს ამ ასაკის ბავშვისთვის დამახასიათებელ გემოვნებას.

მასწავლებლის I და II კლასის წიგნებში დეტალურადაა გადმოცემული ყველა გაკვეთილის მსვლელობა (შემდგომ კლასებში – დიდი ნაწილი გაკვეთილებისა), მოცემულია ინტერაქტიური კითხვები და პრაქტიკული რჩევები. წიგნები შეიცავს სასწავლო თამაშებს, შეფასების რუბრიკებს, გაკვეთილის დაგეგმვის თანამედროვე ტექნიკებს და სხვა სასარგებლო მასალებს. ელექტრონული რესურსი ასევე შეიცავს გაკვეთილის თემატიკასთან დაკავშირებულ სასარგებლო ვიზუალურ მასალას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *