ბუნება 5 კლასი. მოსწავლის სახელმძღვანელო

bun 5ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოების აგების კონცეფცია ეფუძნება 2018-2024 წლის ეროვნულ სასწავლო გეგმას. მოცემული სახელმძღვანელო განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის V კლასისთვის. იგი ემსახურება ბუნებისმეტყველების სწავლების მიზანს — აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ ჩვევები.

წარმოდგენილი სახელმძღვანელო ეფუძნება  I – IV კლასების სტანდარტს და სრულიად მოიცავს V კლასის სტანდარტით გათვალისწინებულ მიმართულებებს:

  1. მეცნიერული კვლევა-ძიება;
  2. ცოცხალი სამყარო;
  3. სხეულები და მოვლენები;
  4. დედამიწა და გარე სამყარო.

შინაარსობრივად სახელმძღვანელო 6 თემადაა დაჯგუფებული: 1. შეგუებულობების მნიშვნელობა ციცხალი ორგანიზმებისთვის; 2. ეკოსისტემა; 3. მზის სისტემა; 4. მოძრაობა და ტრაექტორია; 5. დამუხტული სხეულების ურთიერთქმედება; 6. დედამიწის სტრუქტურა და ქერქში მიმდინარე პროცესები.

სახელმძღვანელო ეყრდნობა მოსწავლეზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო  კონცეფციას,  ასევე მეთოდებს: სწავლა აღმოჩენით,  სწავლა კეთებით და თანამშრომლობით სწავლებას.  მოსწავლეთა განსხვავებული წინარე ცოდნისა და მზაობის დონის გათვალისწინებით წარმოდგენილი საკითხები და აქტივობები უზრუნველყოფენ თითოეული მოსწავლის არსებული და ახალი ცოდნის ურთირეთკავშირს, მასალის გააზრება/დამახსოვრებას, ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. სახელმძღვანელოს დახმარებით მოსწავლე შეძლებს: დაკვირვებას, პრაქტიკული სამუშაოს შესრულებას, ობიექტისა და მოვლენის მოდელირებას, ცდა/ექსპერიმენტის ჩატარებას, დისკუსიას, სიტუაციური ამოცანების ამოხსნას. აქვე, უხვადაა ტექსტთან დაკავშირებული ან დამოუკიდებელი ინფორმაციის მატარებელი ილუსტრაციები. მრავალფეროვანი აქტივობებიდან ნაწილი სრულდება ჯგუფებში ან წყვილებში. ცხრილის ნიმუშებთან მუშაობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს მონაცემთა დაჯგუფების, ინფორმაციისა და დაკვირვების შედეგების აღნუსხვისა და წარმოჩენის უნარ-ჩვევებს. ზოგიერთი აქტივობა ითვალისწინებს, რომ მოსწავლემ  თვითონ მოიძიოს, შექმნას და გამოიყენოს  საჭირო რესურსი. ეს ზრდის მის პასუხისმგებლობას, ინტერესს და საგნის მიმართ დამოკიდებულებას. მრავალი აქტივობის შესრულება მოითხოვს ისტ-ის გამოყენებას.

სახელმძღვანელო მიმართულია მოსწავლეების კვლევითი უნარების განვითარებისაკენ, ამიტომ მასში მრავლად არის წარმოდგენილი პრაქტიკული სამუშაოები/ცდები/ექსპერიმენტები. მოსწავლეებს პრაქტიკული სამუშაოების შინაარსის აღწერასთან ერთად ვთავაზობთ სააზროვნო შეკითხვებს, რომელიც მათ დაეხმარება ვარაუდების გამოთქმასა და დასკვნების გაკეთებაში.  საკლასო-საშინაო დავალებები ისეა შეთავაზებული, რომ ემსახურება მიღებული  ცოდნის  შემოწმებას,  განმტკიცებას, ტრანსფერს, ტექნოლოგიების ათვისება/გამოყენებასა და მშობელთა  ჩართულობის  ზრდას.

ყოველი თემის შესწავლის შემდეგ მოცემული შემაჯამებელი გაკვეთილი მოიცავს თემაში განხილულ საკვანძო საკითხებს და ასახავს ბუნებისმეტყველების სტანდარტის მოთხოვნებს.

სახელმძღვანელოს  აღარ  ახლავს მოსწავლის  რვეული, ეს მასწავლებელს საშუალებას  აძლევს  თავად  იყოს  აქტივობის  ავტორი  და  შემოქმედებითად  მიუდგეს  დავალებებს.

პატივისცემით ავტორები!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *