გოდერძი ჩოხელი – “სულეთის კიდობანი”

გოდერძი ჩოხელი რომან “სულეთის კიდობანში” წარმოაჩენს, როგორ უნდა გადარჩეს ეროვნული ფასეულობები, ყოველივე ის, რაც ქართველ კაცს შეუქმნია და თავისი წვლილი შეუტანია საკაცობრიო სულიერების საგანძურში. მისი საფიქრალია, როგორ უნდა იხსნას ადამიანმა სული თანამედროვე სამყაროში, რომელიც ასპარეზია ღვთაებრივ და დემონურ ძალთა ჭიდილისა. ამ მარადიულ ბრძოლაში წარმოჩნდებიან ბიბლიური ნოეს მსგავსი მართალი ადამიანები, ღვთის შეწევნით რომ გადაარჩენენ ღვთის სიტყვას. მწერალი ქმნის “სულეთის კიდობნის” მეტაფორას, რომელიც გამოხატავს კაცობრიობის ხსნის რწმენას. წარღვნის წყლებს ადამიანმა უნდა გამოაღწიოს წარსულის დაცვითა და შენახვით, წინაპართა ნაფიქრ–ნაღვაწის მოფრთხილებით, სწორედ ამ მიზნით აშენებს რომანის მთავარი გმირი მუზეუმს, სიმბოლურად, კიდობანს, რომელიც წარმოჩნდება მომავლის იმედად.