ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოების აგების კონცეფცია ეფუძნება 2018-2024 წლის ეროვნულ სასწავლო გეგმას. შემოთავაზებული III კლასის სახელმძღვანელო ითვალისწინებს დაწყებით საფეხურზე სწავლა-სწავლების საგანმანათლებლო პრინციპებს, ემსახურება ბუნებისმეტყველების სწავლების მიზანს და მოიცავს მესამე კლასის სტანდარტით გათვალისწინებულ მიმართულებებს. 64 თემატური ერთეული 6 თემადაა დაჯგუფებული: 1. ციური სხეულები; 2. ბუნებრივი მოვლენები; 3. ყვავილოვანი მცენარეები; 4. ძუძუმწოვარი ცხოველები; 5. სინათლე და სითბო; 6. ბგერა.
სახელმძღვანელო ეყრდნობა მოსწავლეზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას, ასევე მეთოდებს: სწავლა აღმოჩენით, სწავლა კეთებით და თანამშრომლობით სწავლებას. ყოველი თავის შესავალში დასმულია მაპროვოცირებელი შეკითხვები. უშუალოდ თემის შესწავლისას მოსწავლე მოახერხებს არსებული და ახალი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას. სახელმძღვანელოს დახმარებით მოსწავლე შეძლებს: დაკვირვებას, პრაქტიკული სამუშაოს შესრულებას, ობიექტისა და მოვლენის მოდელირებას, ცდა/ექსპერიმენტის ჩატარებას, დისკუსიას, როლურ და სიმულაციურ თამაშებს; სიტუაციური ამოცანების ამოხსნას. თითოეულ თავს ახლავს შემაჯამებელი სამუშაო, რომელიც სააზროვნო უნარების განვითარების ხელმწყობია. აქტივობათა უმეტესობა სრულდება წყვილებსა და ჯგუფებში.
მრავალფეროვანი ილუსტრაციები თითოეული თემისთვის საგანგებოდაა შერჩეული. მითითებულ ინტერნეტ ბმულებში არა მარტო ვიზუალური მასალაა, არამედ ინტერაქტიური ელექტრონული თამაშებიც, რომლებიც ახალი მასალის განმტკიცებას ემსახურება. ცხრილის ნიმუშები კი მოსწავლისაგან მოითხოვს მონაცემთა დაჯგუფებას, ინფორმაციისა და დაკვირვების შედეგების კომპაქტურად აღნუსხვას . ზოგიერთი აქტივობა ითვალისწინებს, რომ მოსწავლემ თვითონ მოიძიოს, შექმნას და გამოიყენოს საჭირო რესურსი.
საკლასო-საშინაო დავალებები ისეა შეთავაზებული, რომ ემსახურება მიღებული ცოდნის შემოწმებას, განმტკიცებას, ტრანსფერს, ტექნოლოგიების ათვისება/გამოყენებასა და მშობელთა ჩართულობის ზრდას. სახელმძღვანელოს აღარ ახლავს მოსწავლის რვეული, ეს მასწავლებელს საშუალებას აძლევს თავად იყოს აქტივობის ავტორი და შემოქმედებითად მიუდგეს დავალებებს.
პატივისცემით ავტორები!